ნარჩენების გადამუშავების პროფესიული პროგრამა ამერიკაში
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ამერიკული ორგანიზაცია PH International (ადრე ცნობილი როგორც „პროექტი ჰარმონია”) აცხადებენ 2010 წლის საზოგადოებრივი კავშირების პროგრამის დაწყებას პროფესიული ჯგუფებისათვის, რომლებიც სტაჟირებას აშშ–ში 2010 წლის მარტ – აპრილში გაივლიან.
ნარჩენების გადამუშავების პროფესიული პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით შეირჩევა ჯგუფი, რომელსაც საშუალება ექნება ნახოს და გაიცნოს ნარჩენების გადამუშავებაზე სპეციალიზირებული კომპანიები და ორგანიზაციები. ჯგუფის მონაწილეები გაეცნობიან ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგიებსა და მართვას, შეისწავლიან თუ რა გარემოსდაცვითი და ფინანსური სარგებელი აქვს ნარჩენების გადამუშავებას. ასევე გაეცნობიან სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს ნარჩენების გადამუშავებაზე და შეისწავლიან თუ როგორ ხდება ნარჩენების გადამუშავების პოპულარიზაცია კერძო ბიზნესის, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.
ნარჩენების გადამუშავების პროფესიულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიების მენეჯერებს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც გააჩნიათ ნარჩენების გადამუშავების შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და ხელს უწყობენ ამ პროცესის განვითარებას საქართველოში.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და ჩააბარონ საზოგადოებრივი კავშირების პროგრამის ოფისში არაუგვიანეს 2009 წლის 23 დეკემბრისა, 17:00 საათი, მისამართზე: ვ. ანჯაფარიძის ქ. #7, II სადარბაზო, II სართული, თბილისი, საქართველო, PH International – ის ოფისი. კონსულტაცია გაიმართება PH International – ის ოფისში 2009 წლის 9 დეკემბერს 13:00 საათზე.
საზოგადოებრივი კავშირების პროგრამის თანამშრომლები დაუკავშირდებიან პროგრამაში მონაწილეობისათვის შერჩეულ ნახევარფინალისტებს წერილობით ან ტელეფონით და მოიწვევენ გასაუბრებაზე.
შტატებში გამგზავრების თარიღი: 15 აპრილი, 2010


