საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია არის არასამეწარმეო და არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობას და მოწოდებულია ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფისაკენ.
ეროვნული ასოციაცია დაფუძნდა 2004 წლის 17 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში. დამფუძნებელ ყრილობაზე მოწვეული იყო 600 დელეგატი ყველა დონის თვითმმართველობიდან (სოფელი, თემი, დაბა, ქალაქი), რომელთაც დაამტკიცეს ასოციაციის წესდება, აირჩიეს ორგანიზაციის პრეზიდენტი და აღმასრულებელი საბჭო. დაფუძნების პროცესში ჩართული იყო მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია და თვითმმართველობის ევროპული ასოციაცია.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის II ყრილობა ჩატარდა 2006 წლის 28 ნოემბერს. ყრილობის დელეგატებმა შეიტანეს ცვლილებები წესდებაში, აირჩიეს ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი და დაამტკიცეს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობა.
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სულ რაღაც ორ წელიწადში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია ჩამოყალიბდა ანგარიშგასაწევ ძალად, რომელიც აღიარებულია როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ასევე საქართველოს მთავრობის და რაც მთავარია, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ.


