ქართულმა დელეგაციამ კონფერენციის ,,CORLEAP’’  ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

24 სექტემბერი

ქართულმა დელეგაციამ კიევში გამართულ ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის -,,CORLEAP’’ მერვე ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც თბილისისა და ზუგდიდის საკრებულოების მუდმივმოქმედი წევრები - ქეთევან მამულაშვილი და სანდრო სორდია შედიოდნენ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატი - ნინო ლაცაბიძე ხელმძღვანელობდა.

უკრაინის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ევროკავშირის რეგიონალური კომიტეტის (COR) ხელმძღვანელები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, CORLEAP-ის ანგარიში მოისმინეს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და ეკონომიკური აქტივობის განვითარების, ასევე ევროკავშირთან გრძელვადიანი ფინანსური დახმარების საკითხები განიხილეს.

აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში, ასევე მოეწყო სემინარი ახალგაზრდებისთვის, რომელშიც უცხოელ თანატოლებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ოთხმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების მთავარი თემა სოციალური მედიით გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანიების რისკებსა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს ეხებოდა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციაში (CORLEAP) 2011 წელს გაწევრიანდა, მასში მონაწილე ქართული დელეგაციის ახალი შემადგენლობა კი ათეა-ს აღმასრულებელმა საბჭომ მიმდინარე წლის მარტში დაამტკიცა.