დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვა დასავლეთ საქართველოს ხუთივე რეგიონში გაიმართა

19 იანვარი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვა დასავლეთ საქართველოს ხუთივე რეგიონში გამართა.   

ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ და  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან - ნათია ღვინაშვილთან, ათეა-ს ექსპერტთან - კახა გურგენიძესთან და სამინისტროს რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან - ნიკოლოზ როსებაშვილთან ერთად, ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ამბროლაურში გამართეს შეხვედრები.

ასოციაციისა  და სამინისტროს წარმომადგენლებმა დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს, ასევე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი პრეზენტაციის სახით წარუდგინეს და დამსწრე საზოგადოებას დოკუმენტის ძირითადი პრინციპები გააცნეს.

,, ამ ეტაპზე ჩვენ სახეზე გვაქვს დაფინანსების, ე. წ. ტრანსფერის ახალი მოდელი, რომელიც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ზრდას ითვალისწინებს და ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხების განაწილების სრულიად ახალ მოდელს გვთავაზობს. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს შემოსავლების ეტაპობრივ ზრდას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ცენტრალურ დონეზე იდენტიფიცირებული იქნება ყველა ის სერვისი და უფლებამოსილება, რაც დღეს შეიძლება მუნიციპალიტეტმა გააკეთოს“, - განაცხადეს სამინისტროს წარმომადგენლებმა.   

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრები დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა,  სადაც მუნიციპალიტეტების წევრებმა რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და მათი აღმოფხვრის მიზნით, საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს.

როგორც დავით მელუამ აღნიშნა, საკონსულტაციო შეხვედრები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დეცენტრალიზაციის საკითხებზე დიალოგის წარმართვასა და დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად.

,,შეხვედრებზე ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა.  ასოციაცია მუნიციპალიტეტების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს შეიმუშავებს და რეკომენდაციის სახით წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საქართველოს მუნიციპალიტეტების ინტერესებს”, - განაცხადა ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეხვედრები დადებითად შეაფასეს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, დოკუმენტის აღნიშნულ ფორმატში განხილვა ხელს შეუწყობს დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის ისეთი ვარიანტის შემუშავებას, რომელიც მუნიციპალიტეტების ინტერესებზე იქნება მორგებული.

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანალოგიური შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება.