ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სესიაზე რეზოლუცია „ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა როლი დევნილთა დაცვის საკითხებში“ მიიღეს

31 ოქტომბერი

სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 37-ე პლენარულ სესიაზე „ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა როლი დევნილთა დაცვის საკითხებში“, რეზოლუცია 100 ხმით 12-ის წინააღმდეგ მიიღეს.

დოკუმენტში ასახულია ის ცვლილებები, რომლებიც საქართველოს დელეგაციის მიერ იყო წარდგენილი,  სადაც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორ რეგიონში- აფხაზეთსა და ცხინვალში მიმდინარე უკანონო და განგრძობადი სამხედრო ქმედებებია ასახული და უხეშად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები. 

ცვლილებები, რომლებსაც კონგრესმა მხარი დაუჭირა, 2019 წლის ივნისში, შტუდგარდში გამართულ ევროსაბჭოს კონგრესის მიმდინარე საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტისა და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის სრული წევრის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის-გიორგი ტყემალაძის მიერ იყო წარდგენილი.

როგორც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა-თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული რეზოლუცია  კოორდინირებული მუშაობის შედეგს წარმოადგენს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს რეზოლუცია ქართული დიპლომატიის გამარჯვებაა. ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვმუშაობდით ამ საკითხზე საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებთან  და მიღებული რეზოლუცია სწორედ  ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. დოკუმენტში, რომელშიც რუსეთის აგრესიისა და განგრძობადი უკანონო ოკუპაციის შესახებ უაღრესად პრინციპული და კრიტიკული პოზიციაა ასახული, ასევე, ვრცლადაა წარმოდგენილი ინფორმაცია ამ აგრესიის შედეგებისა და იძულებით გადაადგილებული პირების სოციალური და ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფის შესახებ.“

მისივე განცხადებით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს შემთხვევაში, ნახევარ მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან, რომლებიც  1990-იან წლებში შეიარაღებული დაპირისპირებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის  შედეგად იქნენ გამოძევებული, კვლავ მოკლებულნი არიან თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების ფუნდამენტურ უფლებას. რეზოლუციის თანახმად, ე.წ ბორდერიზაციის პროცესის გზით გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მიზეზი, საქართველოს ორ რეგიონში რუსეთის სამხედრო ნაწილების უკანონო განთავსებაა, რომელიც ართულებს წვდომას ჯანდაცვასა და განათლებაზე, ხელს უშლის ოჯახებს შორის კავშირების შესაძლებლობას და ქმნის იძულებით გადაადგილების შემდგომი ტალღის წარმოქმნის რისკს.

დოკუმენტში, ასევე, ყურადღება გამახვილებულია ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა  როლსა და პოლიტიკური ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის, ჩართულობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვის საქმეში. ამ კუთხით, ხაზგასმულია საქართველოს წარმატებული გამოცდილება - ადგილობრივ დონეზე პრიორიტეტებისა და ბიუჯეტის განსაზღვრის საქმეში იძულებით გადაადგილებული ქალების ჩართულობის, ასევე, კონფლიქტით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნის თვალსაზრისით.

ქართული დელეგაცია სტრასბურგში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტების, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის სრული წევრის - გიორგი ტყემალაძის და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატის, ევროპის საბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე - პრეზიდენტის - თამარ ტალიაშვილის, ასევე რუთავისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და ევროპის საბჭოს კონგრესის წევრების - ნინო ქავთარაძისა და სევდია უგრეხელიძის შემადგენლობით იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესში დელეგაციის ახალი შემადგენლობა 2018 წლის თებერვალში წარადგინა, რომელსაც „ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ პრეზიდენტი კახა კალაძე ხელმძღვანელობს.