ევროსაბჭოს კონგრესის გენერალურმა მდივანმა ანდრეას კიფერმა და კონგრესის სამდივნოს წევრებმა ვიდეო კონფერენცია გამართეს

1 მაისი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) დისტანციურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურმა მდივნმა - ანდრეას კიფერმა, კონგრესის სამდივნოს წევრებთან ერთად,  ვიდეო-კონფერენცია გამართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პირობებში კონგრესის მუშაობასა და COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკების შესახებ იმსჯელეს.

დელეგაციების მდივნებმა, საკუთარ ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების მიერ კრიზისის მოსაგვარებლად განხორციელებული ღონისძიებები მიმოიხილეს.  

ონლაინ-შეხვედრაზე, გამოიკვეთა საქართველოს  ადგილობრივი ხელისუფლების მიერ პანდემიის პირობებში განხორციელებული საქმიანობა, მათ შორის, აღნიშნულ პროცესებში,  ათეა-ს პრეზიდენტის - კახა კალაძის, როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრის, აქტიური ჩართულობა.

ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაზე COVID-19-ის ზეგავლენის შეფასებისას, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მუშაობას,  რომელიც CEMR-ის მიერ შექმნილ ,,CEMR COVID-19“ჯგუფში გაწევრიანდა და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს წევრებთან ერთად, საჭირო ინფორმაციის მიწოდებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით მუშაობს.

ონლაინ-შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის თემასაც შეეხო და აღინიშნა, რომ ბევრი საინტერესო გეგმის მიუხედავად,  საქართველომ პანდემიის გამო, სამწუხაროდ,  ვერ შეძლო ადგილობრივ დონეზე დაგეგმილი ყველა ღონისძიების განხორციელება. კონფერენციის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მსოფლიოში არსებული ვითარება  მალე დასტაბილურდება და საბერძნეთი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეობას 17 მაისიდან გადაიბარებს, აღნიშნულ პლატფორმას წარმატებით გამოიყენებს.

ანდრეას კიფერმა, ვიდეო-კონფერენციაზე, ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგინა და არჩევნებსა და დელეგაციების განახლების ვადის გადაწევასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც კონგრესის გენერალურმა მდივანმა განმარტა, აღნიშნულ საკითხებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი 6 მაისს განიხილავს.