ქართულმა დელეგაციამ ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

2024-02-14

სტრასბურგში ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, წარდგენილი  დელეგაციის წევრებმა - ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ლევან ჟორჟოლიანმა, ასევე, დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენელმა ოთარ გრიგოლიამ მიიღეს მონაწილეობა.
სხდომა, მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ, ტიბო გუინიარდმა ​ გახსნა, რის შემდეგაც  შეხვედრა  წევრი ქვეყნების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესრულებისა და ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის  ანგარიშების განხილვას დაეთმო.
დღესვე,  ხდომის მონაწილეებმა, მე-5 ვიცე-თავმჯდომარის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, უკრაინის მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არსებული ვითარება შეაფასეს და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრის დასასრულს, დელეგატებმა სამომავლო გეგმები განიხილეს და შემდგომი სხდომის თემატიკასა და თანმდევი ღონისძიებების დეტალებზე შეთანხმდნენ.
აღსანიშნავია, რომ  ივლისის თვეში დაგეგმილი მონიტორინგის კომიტეტის სხდომა, თბილისში გაიმართება. 
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩს - თამარ ტალიაშვილსაც შეხვდნენ, სადაც მხარეებმა ევროსაბჭოსა და საქართველოს  თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.