ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს რიგით XLVIII სხდომა

2024-03-22

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ აღმასრულებელი საბჭოს რიგით XLVIII სხდომა მოიწვია, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხზე  იმსჯელეს.
საბჭოს წევრებმა სხდომის თავმჯდომარედ ათეა- ს ვიცე-პრეზიდენტი - გიორგი ტყემალაძე აირჩიეს, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას ასოციაციასა და MERCY CORPS-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ მიეწოდა ინფორმაცია.
როგორც ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ განმარტა,  დოკუმენტზე ხელმოწერით ორგანიზაციები მზადყოფნას გამოთქვამენ ერთობლივად იმუშაონ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით და მხარეთა საერთო ინტერესების დაცვით კიდევ უფრო გააღრმაონ  ურთიერთთანამშრომლობა.
საბჭოს წევრებმა ასევე ცნობის სახით მიიღეს ინფორმაცია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რომლის მიზანსაც მუნიციპალიტეტების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს.   
ნინო რუხაძემ, სხდომის მონაწილეებს,  ათეა-ს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებში წარდგენილ დელეგატთა განახლების საჭიროების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნული პლატფორმებისა და ათეა-ს მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა  და დამსწრე საზოგადოებას, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) დელეგატებად თელავის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშილი და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ლევან აბაშიძე წარუდგინა.
დელეგაციის ახალი შემადგენლობა ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.
ასევე ერთხმად გადაწყდა, რომ ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს (CEMR) ახალგაზრდა არჩეულ პოლიტიკოსთა კომიტეტში, საქართველოს კვლავ დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გურამ ოქროპირიძე და ქუთაისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, მაგდა კოსტავა  წარმოადგენენ, რომლებიც დღემდე აქტიურად არიან ჩართულნი აღნიშნულ საქმიანობაში.  
დღესვე, საბჭოს წევრებმა საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოს - საჯარო სამსახურის საბჭოს წევრები აირჩიეს. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, აღნიშნულ პოზიციებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი დაიკავებენ.
სხდომის დასასრულს კი,  საბჭოს წევრებმა, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, VNG International-ის მიერ ათეა-ს შეფასების ანგარიშის პროექტის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც დამსწრე საზოგადოებას VNG-ის ექსპერტმა, ნინო ზურაბიშვილმა და ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ წარუდგინეს.
სხდომას, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა, ასევე ესწრებოდა ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლაშა არჩვაძე.