ევროპის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებაზე ათეა-ს სტენდი იყო წარმოდგენილი
2024-05-11წელს პირველად, საქართველო ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მასშტაბური ღონისძიება გამართა.
„ექსპო ჯორჯიაში“ მდებარე ხუთ პავილიონში და ეზოში განსხვავებული სივრცეები მოეწყო, სადაც მთელი დღის განმავლობაში ყველა ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი აქტივობები იყო წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ მე-11 პავილიონის ერთ-ერთ სტენდს ევროპის კავშირის პარტნიორი ორგანიზაცია - საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წარმოადგენდა.
დაინტერესებულ პირებს ათეა-ს წარმომადგენლები ასოციაციის საქმიანობისა და ევროკავშირთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას.
ათეა-ს სტენდთან მისულ სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა ვიქტორინებში და დასაჩუქრებულიყვნენ ათეა-ს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებით.
სახალისო თამაშები ყველა ასაკის ადამიანზე იყო გათვლილი. მეგობრები და ოჯახის წევრები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თვითმმართველობის შესახებ კითხვების, ასევე საქართველოს მუნიციპალიტეტების გერბებისა და ევროპული ქვეყნების დროშების გამოცნობაში. პატარა სტუმრები კი ხალისიანად ჩაერთნენ მათთვის განკუთვნილ ვიქტორინაში ,,დაუხატე იდეა შენი მუნიციპალიტეტის მერს“.
ღონისძიება ოფიციალურად საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და დედაქალაქის მერმა, ათეა-ს პრეზიდენტმა, კახა კალაძემ გახსნეს.
გამომსვლელებმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას, მეგობარ ქვეყნებსა და საქართველოს მოსახლეობას, „ევროპის დღე“ მიულოცეს.
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ ათეა-ს ვიცე პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო რუხაძე, ასევე ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველოის საკითხებში და პროექტის ,,პარტნიორობა საჯარო ადმინისტრირების რეფორმისთვის“ დირექტორი, დავით მელუა.
,ათეა-ს წარმომადგენლები, სხვადასხვა პავილიონებს ეწვივნენ, ადგილზე გაეცნენ ორგანიზაციების საქმიანობას და მათ მიერ წარმოდგენილ რამდენიმე ვიტქორინაშიც ჩაერთნენ.
ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. სწორედ 1950 წლის 9 მაისს წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ქვანახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს. მას შემდეგ, ევროკავშირი ვითარდება, წარმატებით მუშაობს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება და 27 ქვეყნის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.