ათეა-ს ორგანიზებით მუნიციპალიტეტებისთვის ტრენინგების სერია გრძელდება

2024-06-06

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, წევრი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის  ტრენინგების სერიას განაგრძობს.
ასოციაციის ორგანიზებით, 3-დან 6 ივნისის ჩათვლით, თბილისში, სემინარი თემაზე -,,სივრცითი და ქალაქმშენებლობითი დაგეგმვა” მოეწყო, რომელშიც  დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, გორის, ასევე თეთრიწყაროს, ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების  წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.  
ტრენინგის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ და მისმა მოადგილემ, ლაშა არჩვაძემ.
ასოციაციის ხელმძღვანელი პირების განმარტებით, ათეა-ს მიერ ორგანიზებული ტრენინგები საჯარო მოხელეთა მოთხოვნის საფუძველზე იგეგმება და სრულადაა მორგებული მათი  საქმიანობის საჭიროებებზე.
მათივე განცხადებით,  უკვე მეოთხე თვეა წარმატებით ფუნქციონირებს ათეა-ს ყოველკვირეული ონლაინ საკონსულტაციო სერვისი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაში მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას გულისხმობს.  
ტრენინგს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, გვანცა ჯაფარიძე უძღვებოდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სტრუქტურა, ეტაპები  და  მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები.
​სემინარი დისკუსიის ფონზე წარიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა, საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე ექსპერტთან ერთად ემსჯელა. 
ტრენინგში, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა, ასევე ჩართული იყო ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე.